ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის მშენებლობის პროგრამის სტუდენტები ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (სურამის შემოვლითი გზის) მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სტუდენტები შეხვდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, მინისტრის მოადგილეებს - ვახუშტი ბაგრატიონსა და მზია გიორგობიანს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძეს, პროექტზე დასაქმებულ ინჟინრებსა და ხარისხის ზედამხედველებს.
საგანმანათლებლო ტურის მიზანი იყო, სტუდენტებისთვის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის პროცესის, თანამედროვე საინჟინრო მიდგომების, პროექტის მართვისა და ზედამხედველობის ეტაპებზე არსებული რეალური გამოწვევების გაცნობა — რაც მათ უკეთ დაანახებს საკუთარი პროფესიის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს.
მინისტრი სტუდენტებს ესაუბრა საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარებისათვის ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მან აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებისას სამინისტროს პრიორიტეტია პროექტების ხარისხიანად შესრულება. ისაუბრა სამშენებლო სექტორის გაძლიერების და საჯარო და კერძო სექტორში საჭირო, კვალიფიციური კადრების არსებობის აუცილებლობაზე.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ინვესტიცია, არამედ მოტივირებული პროფესიონალები, რომლებიც ამ პროცესს ხარისხიანად უძღვებიან. სამინისტროსთვის განსაკუთრებით ღირებულია ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში, რადგან სწორედ ისინი იქნებიან ხვალინდელი
პროექტების ავტორები, მენეჯერები და გადაწყვეტილებების მიმღებები.
სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო პროცესის გარდა, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის მასშტაბური პროექტის მიმდინარეობაზე. მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბის სპეციალური საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაყვანის ტექნიკურ დეტალებზე.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია.
6.4 კმ სიგრძის ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 11 ხიდსა და 5 გვირაბს. ამ ეტაპზე დასრულებულია ყველა ძირითადი ნაგებობის მშენებლობა, მიმდინარეობს ელექტრომექანიკური სისტემების მონტაჟი, გზის საფარის
დაგება და გვირაბების მართვის შენობების მშენებლობა. სურამის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დაბა სურამს სატრანზიტო მოძრაობისა და საცობებისგან, შეამცირებს მგზავრობის დროს და გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას.