შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო კადრებს აქვეყნებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს. ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. - ნათქვამი შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.