სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში - ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. 


ადგილობრივებს შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მაკა დიდებულიძე. 
შეხვედრებზე ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი პროექტების განხორციელებას: ცხრამუხაში-ძველი სკვერის რეაბილიტაცია, დამჩხეულაში, კოდიწყაროში, ქაშვეთში, ჯვართმუხაში, თაგვეთსა და რბონაში- ბეტონის გზების მშენებლობა.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
„პროგრამის განსახორციელებლად მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტს 904 000 ლარი გამოეყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია იმით, რომ ადგილობრივები თავად არჩევენ პროექტებს, რომლებიც თავიანთ დასახლებებში განხორციელდება. ამასთან, გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტებისა, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას,“- აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. 
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.