„ქალაქ ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი მოიცავს როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზება, რომლის შედეგადაც, ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის პარკში დასვენება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. განახლებული ისტორიული პარკი ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის ცენტრალური არეალის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ცენტრალურ პარკის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ისტორიული პარკი.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს, დამონტაჟდება დამცავი ჯებირები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სრულად განახლდება ბორჯომის ისტორიული პარკის ინფრასტრუქტურაც, მოეწყობა გასართობი, საბავშვო და სპორტული სივრცეები. ასევე, დაემატება მწვანე ნარგავები, განახლდება საფეხმავლო ბილიკები და ამორტიზირებული გასართობი ატრაქციონები გამოიცვლება ახალი თანამედროვე ანალოგებით. პარკში მოეწყობა გარე განათების, ირიგაციის და სხვა საინჟინრო სისტემები.
პარკი სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.
მინისტრის თქმით, ურბანული განვითარების მსგავსი კომპლექსური პროექტი კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ბორჯომში დასვენებას და გაახანგრძლივებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტების ყოფნას ბორჯომში.
პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მისი საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარი იქნება.