„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გზა საერთაშორისო გზის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად არსებული გზის ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ 6 სოფელს გადის და საგზაო უსაფრთხოების კუთხით, დაუშვებელია ამ პირობებში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. ახალი 16.6 კმ-იანი გზა კი, გვერდს აუვლის ქალაქ წნორს და ექვსივე სოფელს. ახალი გზით მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტოტრანსპორტის გამტარობა და დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ბაკურციხე-წნორის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას.
ამჟამად არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა კი, გვერდს აუვლის როგორც ქალაქ წნორს, ისე 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). პროექტის დასრულების შემდეგ, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„გამოწვევების მიუხედავად, გვაქვს პროექტის განვითარების პროგრესი. ხელოვნური ნაგებობების 77% უკვე დასრულებულია და ექვსივე ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა, ზაფხულში დაიწყება ბურჯების მოწყობა, ისე რომ, სახელშეკრულებო ვადის გათვალისწინებით, 2024 წელს პროექტი დასრულდეს და გზა შევიდეს ექსპლუატაციაში,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონ ლარია.