,,ქუთაისში მოვინახულეთ დასრულებული ოლიმპიური საცურაო აუზი , რომელიც ასევე უმაღლესი დონის სპორტულ ინფრასტრუქტურას მიეკუთვნება. ქალაქს უკვე გააჩნია 50 -მეტრიანი ოლიმპიური საცურაო აუზი, ასევე ბავშვთა აუზი, რომლებიც შესაბამისი სივრცეებით არის აღჭურვილი”-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.
აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.