საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გურჯაანში 200 სტუდენტზე გათვლილი, ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და მისი პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონს კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე შეემატება.

21600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები და აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.

კომპლექსში იფუნქციონირებს 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და  რეკრეაციული სივრცე, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტს, რომლის ღირებულება 16 672 256.76 ლარია, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.