პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.
მომხსენებელმა 2025 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკურ, საშემოსავლო და საგადასახადო პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საშემოსავლო, ასევე, საგადასახადო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.
მისი განცხადებით, 2025 წელს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციის გათვალისწინებით, 6%-ზე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა გადაიხედა და 7.2%-ით შეიცვალა.
საბოლოო ჯამში, 2025 წელს ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, 2.5% იყო დაგეგმილი, რეალური მაჩვენებელი კი წლის ბოლოს მხოლოდ 1.4% იყო.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საგარეო სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10.3%-ით, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები - 7.6%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელმაც 4 690.2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. მისი თქმით, შარშან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2 %-ით გაიზარდა და 3 228.5 მილიონი დოლარი იყო.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 100.7%-ით შესრულდა და 23 816 მილიონი ლარი იყო, ხარჯების ნაწილი - 22 854 მილიონი ლარით, 99.2%-ს შეადგენს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.
კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებისთვის ყოველწლიური ფინანსური შენატანი - 28 416 ევრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
კომიტეტმა მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.




