თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეთორმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებულ ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი ბესარიონ სიგუნავა თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ.

დაარსების დღიდან, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა.