წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ მენეჯერთან დავით შელეგიასთან ერთად გააცნო.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან გამართული კომუნიკაციის შემდეგ, უმოკლეს დროში გადაწყდა პროექტის განხორციელება, რის შემდეგაც ჯგალში მცხოვრებ 160 ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

„გვქონდა კომუნიკაცია, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება პრობლემის გადაჭრა შემჭიდროებულ ვადებში. საუბარია რამდენიმე მილიონიან პროექტზე, რომელიც მოიცავს როგორც ცენტრალურ მაგისტრალს, ასევე დაქსელვას და აბონირებას, რის შემდეგაც სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები  შემოდგომაზე დაიწყება. მანამდე კი არსებული ქსელის აღდგენა განხორციელდება. ჩვენ ჯგალში მოვედით კონკრეტული სათქმელით და კონკრეტული გეგმით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. “ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სოფელში ამჯერად არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალი, ობიექტი წყალმომარაგების კომპანიის ბალანზე არ არის. ახალი ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ წყლის ხარისხის სტანდარტიზაცია მოხდება და მას ბალანზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აიყვანს. 

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი, 60 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს. პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.