საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ერგნეთის ბაზრობა იყო კონტრაბანდის წყარო საქართველოში და ამ ბაზრობის დახურვაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი თავადაა.
მისი შეფასებით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა სამართლიანად მიაჩნია შენიშვნა, რომ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების ალტერნატიული მექანიზმები უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ამავდროულად, ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ აღნიშნული მოქმედებები, თუნდაც შემდგომი განცხადებები 2008 წლის ომის წინაპირობა არ ყოფილა.
„ერგნეთის ბაზრობას შეიძლება ჰქონდა გარკვეულწილად თავისი მნიშვნელობა ადამიანების დაახლოებაში რეგიონში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. ერგნეთის ბაზრობა იყო, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაბანდის წყარო საქართველოში. თუ ვილაპარაკებთ ერგნეთის ბაზრობაზე, მის გაუქმება-დახურვაში მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. ფინანსთა მინისტრობის დროინდელ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობ. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც იქნება კონტრაბანდა ხელშეწყობილი, თვალდახუჭული სახელმწიფოს მიერ. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება, იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული და შემდეგ, შესაბამისად, განხორციელებულიც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მეტიც, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოქმედებებს, თუნდაც შემდგომ განცხადებებს, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, პირდაპირ, უშუალოდ 2008 წლამდე არ მივუყვანივართ. ცხინვალში ვარ ნამყოფი ომის შემდეგაც, შესაბამისად, ურთიერთობა რეგიონთან, ხალხთან მაქვს ალბათ ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ინტენსიური და გარდა ამისა, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ჩვენ გვქონდა სკოლა „ინტერნატი“ ახალგორის რაიონში. სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა ბევრად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქართველოს სახელმწიფოს წინსვლისთვის, ვიდრე იქ არსებული პროცესი. მართლაც ურთიერთობის პროცესი, ურთიერთობა იყო და ყველაფერი. შეიძლება სხვა პრობლემაა, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვას არ მოჰყვა სხვა პარალელური ადგილის აღმოჩენა, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესი გაგრძელებულიყო.
ცხინვალში ყოფნის დროს კოკოითთან მქონდა შეხვედრა, 2010 წელზე ვსაუბრობ, შემდეგ ქალბატონებს შევხვდი შეხვედრაზე. მხოლოდ ერთმა, პატარა, 17 წლის გოგომ არ იცოდა ქართული. შეხვედრაზე იყო დაახლოებით 30 ქალბატონი. არ მიკითხავს, მათ შორის რომელი იყო ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად ოსი, მაგრამ ერთმანეთში ქართულად ვისაუბრეთ.
თვითონ ერგნეთის საკითხი აღარც განხილულა. ერგნეთის საკითხი, დარწმუნებული ვარ, არც უნდა განხილულიყო, ისე როგორც ვთქვათ, ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაც ჩვენ გვქონდა განხილვაში, ოღონდ რუსებთან პირდაპირ, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება, საბაჟო-გამშვები პუნქტი ყოფილიყო საზღვარზე და, შესაბამისად, ჩვენ ამის შესაძლებლობა ვერ მოვიპოვეთ. ამაზე საუბარი მიდიოდა მუდმივად ჩემი ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ პრემიერობის დროსაც, მათ შორის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მომენტში და, მოკლედ, საბოლოო ჯამში, ეს საკითხი არ მოგვარდა, ვერ მოგვარდა. ჩემი პირადი შეხედულებით, ერგნეთზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, თვითონ ერგნეთის ბაზრობის ხელახლა შექმნა ან მის ადგილას რაღაც გაუმჯობესებული სქემის ამოქმედება ჩვენ ორგანიზაციულად არ შეგვეძლო, ამის გაკონტროლება ჩვენგან იყო სრულიად შეუძლებელი. ვსაუბრობ ჩვენს ეკონომიკურ, ფინანსურ და ამდაგვარ ბერკეტებზე.
ვეთანხმები ქალბატონ თეას, რომ ალტერნატიული ურთიერთობების მექანიზმები უნდა ჩამოყალიბებულიყო. თქვენ თქვით მინისტრების განცხადებაზე, მინისტრები სხვადასხვაგვარი იყვნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მუშაობდნენ, რომ ეს პროცესი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, არ გამოვიდა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ჩემი აზრით, არცერთი ეს განცხადება 2008 წლის ომის წინაპირობა არ ყოფილა. 2008 წლის ომის დაწყება, თვითონ ომი არანაირ ლოგიკას ჩემთვის არ ექვემდებარება. ცხადია, კონტრაბანდის და ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიმართ მიღებული ზომები ერთადერთი არ იყო და ეს იყო კომპლექსური ზომების ნაწილი. ამან რომ გაამართლა, მაჩვენებელი არის თუნდაც ის, რომ 2004 წლის იანვარში საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენდა მშპ-ის მხოლოდ 10 პროცენტს და 2004 წლის დეკემბერში, 12 თვის შემდეგ უკვე 23 პროცენტს. დღეს რომ გვაქვს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საგადასახადო სისტემა, მაშინ შემოსავლების მიღების შესაძლებლობებმა შექმნა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.
ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა მექანიზმები უნდა შემუშავებულიყო დიალოგის გასაუმჯობესებლად და ეს შესაძლებელი იყო.
„კიდევ ერთხელ ვეთანხმები ქალბატონ თეას, რომ, ამის პარალელურად, სხვა ზომები, სხვა ადგილები, სხვა მექანიზმები უნდა შემუშავებულიყო ამ დიალოგის გასაუმჯობესებლად, და ამის ადგილის შესაძლებლობა იყო, ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო. დიალოგი მიდიოდა, ჩემი უკვე პრემიერმინისტრობის პერიოდში მზადდებოდა კიდეც ცხინვალში ჩასვლა, დიალოგი იყო, მაგალითად, გოგა ხაინდრავა, მოიწვევთ ალბათ მასაც, თუ კარგად მახსოვს, ცხინვალში იყო თვეში ერთხელ, შეიძლება კიდევ უფრო ხშირადაც, ჩემი წასვლაც მზადდებოდა და, მათ შორის, თქვენ მიერ ნახსენები განცხადებების გამო ეს შეხვედრა ვერ შედგა.
თანმიმდევრობას რომ მივყვეთ, კონკრეტული ხალხი კონკრეტულ საქმეებს აკეთებდა, ქართველი და ოსი ერთად, სამწუხაროდ, გამოდიოდა, რომ ეს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა, რაც დაუშვებელი იყო, მაგრამ, ამის ნაცვლად, შეიძლებოდა შექმნილიყო დიალოგის სხვა მექანიზმები. შესაძლებელი იყო ამ დიალოგის წარმოება. შენიშვნა, რომ სხვა რამ უნდა გაკეთებულიყო, ვფიქრობ, სამართლიანია“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.