„ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არ იყენებს ასეთ ფორუმებს და კონფერენციებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს საკითხი დარჩეს ადამიანების ყურადღების ცენტრში და მომავალ კვირაში ერთ-ერთ ევროკავშირის ქვეყანაში დარეგისტრირდება რეზოლუციის პროექტი და ასე გამოხატავს იმ ქვეყნის პარლამენტი სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლენარტ მერის კონფერენციაზე იმყოფება, რომელიც მე-17-დ იმართება ტალინში და ესწრებიან ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები და წამყვანი ექსპერტები.
"აღარანაირი ილუზია აღარ არსებობს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, რომ ეს რეჟიმი არის რუსული და რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი. რაც შეეხება თვითონ კონფერენციას და მის დღის წესრიგს, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არ იყენებს ასეთ ფორუმებს, არა თუ არ იყენებს, პირიქით, ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული იზოლაცია გულისხმობს ზუსტად იმას, რომ არც ოფიციალურ შეხვედრებზე და არც ასეთ მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც ყალიბდება პოლიტიკა ამა თუ იმ საკითხზე, საქართველოს ხსენება არ იყოს.
წესით, დღეს რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება ჰყავდეს, აქ იქნებოდნენ მინისტრები ოფიციალურ მომხსენებლებად თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს საკითხი დარჩეს ადამიანების ყურადღების ცენტრში და ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ვთავაზობთ თუ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა. მომავალ კვირაში ერთ-ერთ ევროკავშირის ქვეყანაში დარეგისტრირდება რეზოლუციის პროექტი და ასე გამოხატავს იმ ქვეყნის პარლამენტი სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც იქნება. ამ ეტაპზე იქნება გამოხატული სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მისი ბრძოლის მიმართ, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი.
რაც შეეხება სანქციებს, იმ საუბრებიდან, რაც ჩვენ უკვე თბილისში გვქონდა, ვიხილეთ მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ იქნება მომავალ კვირაში გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი ვიზიტი და იმ საუბრებიდან დასკვნა, რაც მე მაქვს ერთი რამ სრულიად მკაფიოა, რომ სანქციები იქნება მაღალი ალბათობით და ამ სანქციებს ვერ გადაურჩება ვერც ივანიშვილი და ვერც მისი უშუალო გარემოცვა, ვერც კრიმინალთან შეზრდილი სამართალდამცავები, რომლებიც აორგანიზებენ სასტიკ ანგარიშსწორებას მშვიდობიან მომიტინგეებთან და ვერ გადაურჩებიან უშუალოდ ის პარლამენტარები, რომლებიც დგანან ამ კანონის მიღების ავანგარდში და მინდა გაფრთხილება იყოს უკლებლივ 85-ვე პარლამენტარისთვის, რომ მათ ნაწილს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ არ მოხვდნენ სანქციების სიაში თუ კი ისინი არ დაეხმარებიან მდინარაძე, ოხანაშვილს და კობახიძეს ვეტოს დაძლევაში. ყველა, ვინც აქტიურად უჭერდა მხარს ამ კანონს და ხელს აჭერდა ღილაკს, ჯერ კიდევ შეუძლიათ გადაარჩინონ საქართველოს კურსი, რომელიც ივანიშვილმა შეუცვალა, ეს არის მათი ბოლო შანსი.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა