ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე და საერთო მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ, საქართველოში განხორციელებული პროგრამებისთვის.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იშიძუკა ჰიდეკის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. იაპონიის ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საელჩოს მესამე მდივანი ბატონი ივატარე ოტარო.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.