როგორც ჩანს, მზადება ოპოზიციამ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის კიდევ უფრო ადრე დაიწყო და ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი იმ ფორმით, რომ მან პრაქტიკულად უარი თქვა პარლამენტთან თანამშრომლობაზე და ისეთი კანდიდატურების წარმოდგენაზე, რომელიც მისაღები იქნებოდა მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„უნდა გავიხსენოთ ალბათ პირველ რიგში 2020 წელი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა და როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდგომ. ფაქტობრივად მთელი ოპოზიცია შეეცადა დაერწმუნებინა საზოგადოება, თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. სამწუხაროდ ამაში სამოქალაქო სექტორის ნაწილიც იყო ჩართული. სინამდვილეში გახსოვთ, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ პარალელური დათვლის შედეგები. გახსოვთ როგორ განვითარდა ქვეყანაში მოვლენები - იყო მიტინგები, დესტაბილიზაციის მცდელობები, ცესკო-ს შტურმი და სამწუხაროდ, ეს სცენარი ახლა - 2024 წელსაც არსებობს. როგორც ჩანს, მზადება ოპოზიციამ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის კიდევ უფრო ადრე დაიწყო და ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი იმ ფორმით, რომ მან პრაქტიკულად უარი თქვა პარლამენტთან თანამშრომლობაზე და ისეთი კანდიდატურების წარმოდგენაზე, რომელიც მისაღები იქნებოდა მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. თუ ვინმე საუბრობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ სურვილი, რომ პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებულიყო და კანდიდატებზე შეჯერებულიყვნენ და ეს ვერ მოხდა, ოპოზიციასთან ერთად თანაბრად არის დამნაშავე სალომე ზურაბიშვილიც. მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რომელმაც თავის დროზე თამარ ჟვანიას არჩევაში მიიღო მონაწილეობა, 2020 წლის არჩევნების წინ დაიწყეს მცდელობა იმისა, რომ ამ პროცესში აღარ ჩართულიყვნენ, არ შესულიყვნენ კომისიაში, არ შეერჩიათ ღირსეული კანდიდატები. ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომლის ამოცანაც არის, რომ უკვე 26 ოქტომბრის საღამოს, ან 27 ოქტომბერს, ოპოზიცია შეეცდება თავისი მარცხი გადააბრალოს ყველას, გარდა საკუთარი თავისა. სამწუხაროდ ეს უნდა აღმოჩნდეს კვლავ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც არ ეყოლება არც არჩეული თავმჯდომარე, არც არჩეული წევრები და კიდევ ექნებათ განცდა საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.