კახა კალაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შესაძლოა გარეგნულად პოლიტიკურს ჰგავს, მაგრამ გავა დრო და ამ მოვლენას ფსიქიატრები შეისწავლიან - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:
კახა კალაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შესაძლოა გარეგნულად პოლიტიკურს ჰგავს, მაგრამ გავა დრო და ამ მოვლენას ფსიქიატრები შეისწავლიან. მსგავსი შემთხვევა უკვე აღწერილია ლიტერატურაში, როდესაც ეშმაკეულის მიერ შთაგონებული ადამიანები ერთდროულად ამღერდნენ და გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ.
ზუსტად იგივე ხდება ჩვენთანაც და, სამწუხაროდ, "მომღერალთა" ამ გუნდს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრიც შეუერთდა. ვინაიდან ეს ქალბატონი საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ფართო შეთანხმების გზით შეარჩიეს ბორდის წევრად, ცხადია, მას თანამოაზრეები ჰყავს საზოგადოებაშიც და ტელევიზიაშიც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ნაწილია და, ბუნებრივია, აქაც იგივე პროცესები ვითარდება, რაც - მთელ ქვეყანაში, სადაც ადამიანები გაყოფილები არიან მსოფლმხედველობრივად და სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ სიმართლეს და ტყუილს, კარგს და ცუდს, სიკეთეს და ბოროტებას, ისტორიას და მომავალს; ის რაც ერთისთვის წმინდაა, მეორეს ეზიზღება. და ეს ადამიანები, პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენენ ტელევიზიის პოლიტიკაზე.კანონის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს, თუმცა, როცა საზოგადოება გაორებულია და ასე რადიკალურად არის გაყოფილი, საზოგადოების რომელი ნაწილი უნდა იყოს ტელევიზიის სამიზნე, კანონი აღარაფერს ამბობს?! გაორებულ საზოგადოებაში, ბუნებრივია, გაორებულია ტელევიზიაც და საბოლოო ჯამში, ხდება ის, რაც ხდება, პროდუსერები, წამყვანები თუ ჟურნალისტები საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე მოქმედებენ და იმ საზოგადოებაზე სწორდებიან, რომლის წინაშეც გრძნობენ პასუხისმგებლობას.
შედეგად ვიღებთ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია (კატეგორიულად!) გარკვეული გადაცემები, წამყვანები, გამოთქმული აზრები და ა.შ. მეორე ნაწილისთვის კი მიუღებელია სხვა წამყვანები და გადაცემები.
და, აი, სამეურვეო საბჭოსაც მივადექით. კანონის მიხედვით ტელევიზიის სამაუწყებლო პოლიტიკა სამეურვეო საბჭომ უნდა განსაზღვროს, თუმცა, ეს როგორ უნდა მოახერხონ სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებმა, რომელთაც, დიდწილად, სრულიად განსხვავებული ღირებულებები, ხედვები, გემოვნება და მოტივაცია აქვთ, კანონში აღარ წერია.
რატომ ვწერე ამ დილაადრიან ამდენი?! გამოაქვეყნა სამეურვეო საბჭოს წევრმა პოსტი (ბევრი მსგავსი პოსტი გამოაქვეყნეს სხვებმაც), სადაც როგორც წყლის წვეთში ისე ჩანს, როგორ ხედავს საზოგადოების რაღაც ნაწილი ქვეყნის აწმყოს და მომავალს, ადამიანთა ურთიერთობას, ცხოვრების აზრს, რა არის მათთვის სიკეთე და რა - ბოროტება. ამ პოსტით მან საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი გამოხატა და, ისიც ცხადია, რომ ამ პოსტით დეკლარირებული ღირებულებები მათი საზოგადოების იდეურ საყრდენს წარმოადგენს. ასეთი მოცემულობა გვაქვს და ამას ვერ შევცვლით.
თუმცა, ასეთივე მყარი მოცემულობაა ისიც, რომ როგორც ერთ ადამიანს და ბორდის წევრს კანიბალური საზოგადოების ღირებულებები და მორალი სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. (დაახლოებით ასევე ფიქრობენ ბორდის ცალკეული წევრებიც, თუმცა, თავის სათქმელს თავად იტყვიან).
ამ ვითარებაში ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხოს სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის და მოტივაციის მქონე ბორდმა მაუწყებლის პოლიტიკაზე ან პრიორიტეტებზე მსჯელობა და, მით უმეტეს, შეთანხმება.ამ დილადრიან ამდენი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემების გამო არ დამიწერია. საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელი საზოგადოების დაპატარავებული მოდელია და წყლის წვეთივით აირეკლავს მთელი საზოგადოების სურათს.
ქვეყანაში ერთმანეთის არ გვესმის, რადგან სხვადასხვა საქართველოს ვაშენებთ და ერთდროულად ორივე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია.