მორალურად რა განსხვავებაა, ტყუილს ვიტყვი, რომელიც, შეიძლება, ბევრად უფრო მძიმე იყოს თავისი შინაარსით, თუ ვიღაცას უბრალოდ რაღაცნაირ შეურაცხყოფას მივაყენებ. ეს რატომ არის უფრო მკაცრად დასჯილი, რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არის უფრო მკაცრად დასჯილი ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, ვიდრე ტყუილების გავრცელება.
„52-ე, 54-ე, 56-ე მუხლები ეხება სიმართლის თქმას, რაც ჩვენს მედიას, ზოგადად, დიდად არ ახასიათებს. მაგალითად, რაღაც თუ დაგაბრალეს, აქ არის 54-ე მუხლი – სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. მაუწყებლები სამართლიანები უნდა იყვნენ და პირველი არის ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, რომელიც შეიძლება, გასაჩივრდეს თვითრეგულირების ორგანოში. წარმოიდგინეთ, რომელი უფრო მძიმე დანაშაულია, ვიღაცისთვის იდიოტის დაძახება, თუ მაგალითად, ტყუილების გავრცელება. ანუ ტყუილების გავრცელება „მოსულა“ და ვიღაცისთვის იდიოტის დაძახება არ „მოსულა“. მორალურად რა განსხვავებაა, ტყუილს ვიტყვი, რომელიც, ჩემი აზრით, შეიძლება, ბევრად უფრო მძიმე იყოს თავისი რეალური შინაარსით, თუ ვიღაცას უბრალოდ რაღაცნაირ შეურაცხყოფას მივაყენებ. ეს რატომ არის უფრო მკაცრად დასჯილი, რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს. ზიანია ხომ? არა ცილი სწამო, ერთერთი ცნებაა. ცილისწამება „მოსულა“ და ვიღაცისთვის რაღაცის დაძახება არ „მოსულა“. ვიღაცას რომ ვუთხრა, გენდერდებილო მეთქი, შეიძლება, ამის გამო დამხურონ და ტყუილი რომ მოვიგონო, მილიონების მოპარვა დავაბრალო, ის შეიძლება. ეს რა ლოგიკაა? რა ევროკავშირული ლოგიკა გვაქვს ასეთი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას.