არ ვაცხადებ უარს, რომ ვინმესთან არ ვითანამშრომლებ. უბრალოდ, ერთ ადამიანს ვერ ვხედავ, ვის ვეთანამშრომლო?!- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვაცხადებ უარს, რომ ვინმესთან არ ვითანამშრომლებ. უბრალოდ, ერთ ადამიანს ვერ ვხედავ, ვის ვეთანამშრომლო?! სხვები დამალულები არიან, „ლელო“ „გასულია“. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი გასჭირვებიათ, საერთოდ არაფრისთვის სცალიათ, საკუთარი შიდაპარტიული სკანდალები აქვთ. ფიზიკურად არ არსებობს ხალხი. პრობლემა ბარიერი ან სხვა რამ კი არ არის, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანი არ გვყავს. ხელისუფლების ხელში აღების ნება აქვს ბიძინას, მიშას და სხვები დაქირავებული თანამშრომლებივით არიან“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი განმარტებით, ის სხვადასხვა პარტიებთან საჯარო საუბარს ითხოვს, მაგრამ მსურველი არავინ არის.
„თქვენი შექმნილია ეს პოლიტიკოსები, სინამდვილეში არც კი არსებობენ. თუ არ გჯერა, ფული, სანაძლეო დავდოთ და გაჩვენებთ, ვინც არიან, საერთოდ არავინ. მე როგორ უნდა მეშინოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის ამ იდიოტების ხელში“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.