„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩები, სამინისტროს ხელმძღვანელობის თაოსნობით, შევიკრიბეთ და ვმსჯელობთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა გზავნილები დავაფიქსიროთ, რათა ჩვენთვის სასურველი შედეგები მივიღოთ წლის განმავლობაში და წლის ბოლოს“ - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბერლინში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების ამბასადორიალზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირთან გაფართოების კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვან პროცესშია.
„ჩვენ სულ მალე ველოდებით ევროკომისიის მხრიდან ზეპირსიტყვიერ მოხსენებას, რომელსაც წარუდგენს ევროსაბჭოს, თუ როგორ მომდინარეობს იმპლემენტაციის პროცესი გაფართოების პაკეტის ქვეყნების მიერ. წლის ბოლოს ველოდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით კანდიდადის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა მახარობლიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო კარგად არის მომზადებული გაფართოების, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისათვის, ამაზე მეტყველებს თუნდაც ე.წ. ანალიტიკური ანგარიში, რომელიც თებერვალში ევროკომისიამ წარმოადგინა. „ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან პირდაპირ, ცალსახად საუბრობს, რა ორიენტაცია ჰქონდა წლების განმავლობაში საქართველოს და რა ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით“ - დასძინა მან.
მახარობლიშვილის განცხადებით, „დღევანდელი დისკუსია, ევროკომისიის 12 პრიორიტეტთან და საქართველო-ევროკავშირის ფართო დღის წესრიგთან დაკავშირებით, არის ძალიან სასარგებლო და საჭირო“. ევროკომისიის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, მისი თქმით, „მთელი რიგი მიმართულებით კარგად არის შეფასებული“. პოზიტიური იყო ასევე გამოხმაურება გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილ პირველ ანგარიშთან მიმართებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების შემდეგ, ელჩები თავ-თავიანთ დედაქალაქებში დავბრუნდებით განახლებული ძალისხმევით, რომ წლის ბოლოს მივიღოთ ის შედეგი, რა შედეგიც უნდა ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი ძალიან მრავალფეროვანია, და საქართველო ცდილობს ყველა ფანჯარა, ყველა კარი გაააღოს, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს.
საქართველოს ელჩმა არსებულ გეოპოლიტიკური სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და სატრანზიტო ქვეყნის განახლებულ როლზეც გააკეთა.
მახარობლშვილის თქმით, იმ პოზიტიური როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს „ევროკავშირის მხრიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონის მიმართ შესაბამისი გზავნილების დაფიქსირება“.