საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები 334 საარჩევნო უბანზე უცვლელი დარჩა, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს. 32 საარჩევნო უბანზე კი შემაჯამებელ ოქმში მონაცემები მცირედით შეიცვალა.

ცესკო-ს დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების, როგორც პარტიების მიერ დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები მონაწილეობდნენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ მთვლელების გამოსავლენი წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო ან უარი განაცხადა ფუნქციის შესრულებაზე კომისიების პარტიული ნიშნით დანიშნული 732 წევრიდან 271-მა, მათ შორის ოლქის წევრი იყო 171, უბნის – 100. პარტიის მიერ დანიშნულმა ზოგიერთმა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დათვალა კენჭისყრის შედეგები და ეს შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების იდენტური იყო, უარი განაცხადა გადათვლის აქტებზე ხელმოწერაზე და ასევე, არ დაუჭირა მხარი კომისიის განკარგულებას სხდომებზე.

„გადათვლის პროცესს აკვირდებოდა ადგილობრივი ორგანიზაციების 121 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 70 დამკვირვებელი, მედიის 21 წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიების 104 წარმომადგენელი.

ცესკო-მ ჩართული მხარეების ინფორმირებისა და შემდგომი ანალიზის მიზნით ასევე დაამუშავა შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.

პარლამენტის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შესწორების ოქმი დაიწერა 264 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 8.49%-ია; 188 – 6.04% შესწორების ოქმი შეეხებოდა ხმებს; 104 – 3.34% დანარჩენ მონაცემებს.

347 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 11,15%-ს შეადგენს, 419 (11.15%) ახსნა-განმარტება დაიწერა, მათგან 105 (3.38%) შეეხებოდა შემაჯამებელ ოქმს; 10 (0.32%) – შესწორების ოქმს; 304 (5.75%) – დანარჩენ მონაცემებს.

ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების ხელმოწერების შესახებ. პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში კომისიის 17-ვე წევრის ხელმოწერა არის 1241 შემაჯამებელ ოქმზე, 16-ის – 862-ზე, 15-ის – 553-ზე, 14-ის – 221-ზე, 13-ის – 135-ზე, 12-ის – 48-ზე, 11-ის – 19-ზე, 10-ის – 16-ზე, 9-ის – 6-ზე, 8-ის – 8-ზე და 7-ის – 5-ზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომისიების როგორც პარტიული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ინფორმირებული იყვნენ უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ, ასევე, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა, და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც,შესაბამისად დადასტურდა მათი ხელმოწერებით შემაჯამებელ ოქმში.

ასევე დამუშავდა ინფორმაცია, თუ რამდენი განსხვავებული აზრი და რამდენი ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში. აღსანიშნავია, რომ შედგენილი 3114 შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი დაფიქსირდა მხოლოდ 9-ში რაც წარმოადგენს 0.02%-ს. არ არის ან არასწორად არის მითითებული დრო ან/და თარიღი 99 შემაჯამებელ ოქმზე, რაც წარმოადგენს 3.18%-ს, არ აქვს ბეჭედი 5-ს (0.16%).

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება, დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 53000-მდე მეტი წევრიდან მხოლოდ ცხრამ“, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგზე.