ცინიკური ღიმილი, ცინიკური ტაში და გინება არის "ოცნების" პასუხი ჩვენს ინიციატივაზე - მოგვიწევს კიდევ ერთხელ გავიაროთ კონსულტაციები [შოვის სტიქიის საკითზე] საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"როგორც დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვნახეთ, ცინიკური ღიმილი, ცინიკური ტაში და გინება არის „ოცნების“ პასუხი ჩვენს ინიციატივაზე, რომ დადგინდეს სიმართლე, რათა მომავალში მაინც იყოს სახელმწიფო მომზადებული, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე, ესაა "რუსული ოცნების" ნამდვილი სახე. დღევანდელ ბიუროზე ცხადზე ცხადი იყო „ოცნების“ დღის წესრიგი და პირადად შალვა პაპუაშვილის დავალება არის ის, რომ მოკლან საგამოძიებო ინიციატივა ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გზით, ეს მოხდება კომისიის კენჭისყრაზე დაყენებით თუ დაყენების დროს, ქვორუმის ჩაშლით თუ კენჭისყრის გადავადებით, ეს მათთვის უკვე მეორეხარისხოვანია. ადამიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომლითაც უნდა ამკვიდრებდეს საპარლამენტო ეთიკის წესებს ბიუროს სხდომაზე იგინება, როცა ვაყენებთ საკითხს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს არის „ოცნების“ კრებსითი სახე. ჩვენ გვახსოვს ის დაცინვა, სიძულვილი, რომელიც ამოძრავებდა „ოცნებას“, მათ შორის დაზარალებულების წინააღმდეგ, ეჭვქვეშ აყენებდნენ იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც გადარჩნენ. ეს ცინიზმი და დაცინვა ვიხილეთ ბიუროს სხდომაზე. ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთხელ გავიაროთ კონსულტაციები, მათ შორის სხვა ოპოზიციონერებთან, რადგან ჩვენი მიზანია კომისიის შექმნა და ვთვლით, რომ ეს საერთო პასუხისმგებლობაა, რომლის აღებაშიც ვიწვევთ მათ შორის უმრავლესობასაც, რადგან სიმართლის დადგენის პასუხისმგებლობა მარტო ოპოზიციას არ აკისრია, უპირველეს სწორედ უმრავლესობასაც აქვს, მაგრამ პაპუაშვილის და "ოცნების "მიზანია მოკლან საგამოძიებო კომისია ნებისმიერი ხრიკის მეშვეობით და ამ შემთხვევაში ჩათვალეს, რომ ფორსირებული კენჭისყრა იქნება კომისიის დასამარების მოსახერხებელი გზა მაშინ, როცა ჩვენ, მათ შორის, მათ ვიწვევთ პოლიტიკურ კონსულტაციებში", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა გამოეხმაურა ასევე პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ "მიზანმიმართული მავნებლობა ან პოლიტიკურად მიზანშეუწონელი ნაბიჯია" , როცა კომისიის საკითხის განსახილველ საკითხთა ნუსხაში ჩასმას ითხოვ მაშინ, როცა იცი, რომ პარლამენტში არ არის ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა, ვერ დაუშვებენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს თემა გარკვეული საკითხების გადასაფარად გამოიყენოს და ამ პირობებში მას მხარს არ დაუჭერენ.
ბოკუჩავას თქმით, მისთვის მიუღებელია პოლიტიკური ქულების დაწერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე და ეს ნათელი იყო მათი განცხადებებიდან შოვის ტრაგედიის პირველივე დღიდან. ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას სურს ყველამ სწორედ ამ სულისკვეთებით იმოქმედოს.
"ამ პოლიტიკური ჯგუფის საპარლამენტო ხელმძღვანელი ისეთ ფორმულირებებს იყენებს, როგორიც არის მავნებლობა, მე შეგნებულად არ გამოვიყენებ ასეთ ტერმინებს არც ერთი ოპოზიციონერის მიმართ, რადგან არსებობს წითელი ხაზები და ხაზების შიგნით უნდა ოპერირებდეს ყველა ოპოზიციონერი ქვეყნის საუკეთესო ინტერესის დასაცავად, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შედის კომისიის შექმნა. როგორ შეიქმნება, როდის შეიქმნება, კენჭისყრა როდოს ჩატარდება არის საკითხები, რაზეც ღია ვართ კონსულტაციებისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.