არსებობს საკითხები, რაზედაც გახარიას, როგორც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, შეიძლება კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწიოს - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, თავის დროზე, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ადრეული გაფრთხილების სისტემებით აღჭურვის დაპირება გასცა და აღნიშნული საბიუჯეტო პრიორიტეტად დაასახელა, რაც არ განხორციელდა.
„საგამოძიებო კომისიისთვის მხარის დაჭერას ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს, გარდა ერთისა.
სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე მეტად იმაზე ღელავდნენ, იმ პერიოდში, რომელიც საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი შეიძლება გახდეს, მათი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი იყო.
თუ ეს არის მათი მთავარი წუხილი, ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი ტიპის კატასტროფასთან დაკავშირებით უკეთ იყოს აღჭურვილი.
ესა თუ ის დეპუტატი სწორედ ამ ინტერესიდან უნდა ამოდიოდეს. გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები პარლამენტში უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათ ხელში პარლამენტის საგამოძიებო კომისია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.