„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი დაანებონ, რადგან არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ის გეგმა, რაც კოალიციას აქვს, რათა არჩევნებში ხალხის ნება აისახოს და ეს ხელისუფლება პროდასავლური ხელისუფლებით ჩანაცვლდეს.

„ეს არის რუსული პროპაგანდა, რასაც 11 წლის მანძილზე ვისმენთ და საინტერესო არ არის. ევროსაბჭოს რეზოლუციაზე აპელირებენ, რომლის შინაარსიც არ იციან. არ გამოვრიცხავ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ხელი შეუშალა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივებს, რუსული ნარატივის პედალირებისთვის ასეთი კომისია შექმნას. ისინი რუსული სქემით მოქმედებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. დღეს რუსული ოცნება კრემლის გზავნილებს აჟღერებს. რუსული ოცნების სატელიტების განცხადებას არ გავეცანი, რადგან ჩემთვის უინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გეგმა, რაც კოალიციას აქვს, რათა არჩევნებში ხალხის ნება აისახოს და ეს ხელისუფლება პროდასავლური ხელისუფლებით ჩანაცვლდეს. ამის რეალიზებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.