„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი და დაასრულოს ისტორიული უსამართლობა“.
ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, ზურაბიშვილი მიიღებს ეროვნულ, ევროპულ გადაწყვეტილებას და შეიწყალებს სააკაშვილს.
„იმედი მაქვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპამ რეალურად დაინახოს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამის გათვალისწინებით მიიღებს ეროვნულ, ევროპულ გადაწყვეტილებას და შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს. შეუძლებელია, ვისაუბროთ, მათ შორის დეპოლარიზაციაზე, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციაზე, როდესაც ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახით არის პოლიტიკური პატიმარი. გუშინ მქონდა პატივი, გადამეცა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია – „ჩემი ხმა ევროპას“, რომელიც მართლაც, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ევროპელი ლიდერია თანამედროვეობის ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ნამდვილად პირადად მას აქვს ყველაზე მეტი გაკეთებული ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ, რომ ის შეუერთდა ამ პეტიციას და რუსულმა რეჟიმმა მისი ხმა ვერ დაახშო. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მხოლოდ ამ ფორმატში მქონდა მცირე კომუნიკაციის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ამგვარი ღონისძიება არ იძლევა სიღრმისეული საუბრის შესაძლებლობას. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის ჩვენს საჯარო კომუნიკაციაში, რომ ჩვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციაზე საუბარი მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელსაც ამხელა წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმყოფება პოლიტიკურ, უსამართლო, უკანონო ტყვეობაში, რომლის დასრულებაც პირადად მას შეუძლია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება კითხვას, „რატომ შეცვალა პრეზიდენტმა რიტორიკა?“, – ბოკუჩავა ამბობს: „ვერ გეტყვით, ვერ გავაკეთებ პროგნოზს. ნამდვილად არ მაქვს ამის საფუძველი და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია, რასაც დაეყრდნობოდა ჩემი პროგნოზი, თუმცა, ფაქტია, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის და იმედი მაქვს, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უფრო და უფრო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ახლა, როდესაც საქართველო იმედია, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება. დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში“.
ამასთან, ბოკუჩავას შეფასებით, მათ შორის კვლევები აჩვენებს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნაბიჯი აღქმული იქნება, როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზაებას.
„როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, დგას რუსეთის აგენტებზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟირებისთვის, სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, იქნება აღქმული, როგორც მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.