როგორ შეიძლება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ევროპულია! - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ვერასდროს მოახერხებს „ივანიშვილი, რომ გაარუსოს ჩვენი ქვეყანა“.
„რატომ ვციტირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს?! იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძე წარუმატებლად ცდილობდა მათი სიტყვების გამოყენებით, პროპაგანდით დაერწმუნებინა საზოგადოება, თითქოს ეს კანონი ამერიკულია, ევროპულია. როგორ შეიძლება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ევროპულია! როგორ შეიძლება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ეს კანონი არ არის რუსული და ამერიკულია! საქართველოს მოქალაქეები ერთად დგანან! ყველა ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ამას ამბობს მათ შორის ჩვენთვის საამაყო, ეროვნული სიხარულის მომტანი ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე. საქართველოს გზა ევროპაშია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის შვილებს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ საკუთარი ევროპული მომავლის დაცვა.
„ყველაზე მეტად დღეს და ახლა თქვენ ღალატობთ ახალგაზრდებს, რომელთაც გუშინ სცემდით, ჩიხებში, ქუჩებში დასდევდით. წაქცეულებს წიხლებს ურტყამდით, გოგოებს აგინებდით, იარაღით დასდევდით. ყველაზე მეტად, დღეს, აქ და ახლა ამ ახალგაზრდებს ღალატობთ, საკუთარ შვილებს და შვილების ევროპულ მომავალს ღალატობთ. როდესაც თქვენი შვილების მომავალი უზრუნველყოფილია ევროპასა და ამერიკაში, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის შვილებს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ საკუთარი ევროპული მომავლის დაცვა. მაინც დაიცავენ, მაინც დავიცავთ, მაინც მოგიწევთ რუსული კანონის გატანა! საქართველოს ადგილი ევროპაშია!“ - თქვა თინა ბოკუჩავამ.