ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე და აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაპირისპირების წყაროა“.

„ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რამხელა ვნებათაღელვაა. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ქართველი ხალხის არჩევანმა, ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის, გასული წლის აქციებით მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა, მორიგ ჯერზე, ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას, გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა! შეაჩერეთ განხილვის პროცესი! არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ სესიაზე, მომავალ წელს. ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში, რუსული კანონის ადგილი არ არის! საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, „ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს“.

„შეისმინეთ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებები. სასაცილოდ არ გყოფნიდათ გერმანიის კანცლერის უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რომელიც გეუბნებათ, რომ ეს არ არის ევროპული კანონი. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სრულიად სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, სამარცხვინოა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ეხება ეს. კი არ უნდა დასცინოდეთ საერთაშორისო პარტნიორებს, კი არ უნდა უგულებელყოფდეთ მათ მოწოდებებს, ქართველი ხალხის არჩევანს ფეხქვეშ კი არ უნდა თელავდეთ. უნდა უსმენდეთ ქართველ ხალხს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს იგეგმება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.