რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.
მისივე თქმით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით, „მოღალატეობრივად და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო რუსული კანონი“.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ეს დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგანან ალბათ, ბევრი თქვენგანის შვილი, მათი მეგობრები, თანაკურსელები, თანატოლები, დები და ძმები. მაშინ მიხვდებით რეალურად, რას აშავებთ, რას უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს. საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ „რუსული კანონის“ კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.