პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
უმრავლესობის წევრი დეპუტატების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ.
„წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ და საქმესაც," - მიმართა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს და დარბაზიდან გააძევა.
შეგახსენებთ: დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა.
პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.