"ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც არ ეგუება საქართველოს გარუსებას უნდა გაერთიანდეს," - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და მადლობა გადაუხადა ნდობისთვის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს და მიხეილ სააკაშვილს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადო შენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, ძალიან მნიშვნელოვან და არცთუ ისე მარტივ მომენტში შენ აიღე შენ თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას, რომლის მაგალითი შენ არაერთხელ გვაჩვენე. რუსი ივანიშვილის ჯალათების მხრიდან, რაც მოყვა შენ მცდელობას, რომ ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გადაგერჩინა ახალგაზრდა, შენ შეხვდი წარმოუდგენელი სიმშვიდით, სიმტკიცით და სიმამაცით, რაც ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც აქვთ გამარჯვების რწმენა, ამას ასხივებდი ყოველთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ლევან. შენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ შენთვის საქართველოს ნათელი მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი, ამ ნათელ და ევროპულ მომავალში არის უპირველესი, ამას აჩვენებს შენი დღევანდელი გადაწყვეტილება, ნამდვილად. მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ნდობისთვის, იმიტომ, რომ ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემ ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს. ამის შესაძლებლობა, როგორც ლევანმა გამარტა ჩვენ გვექნება უახლოეს მომავალში. თუმცა ვიტყვი ერთს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში, თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, მე ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც არ ეგუება საქართველოს გარუსებას უნდა გაერთიანდეს. უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, უნდა გაერთიანდეს საქართველოსთვის, უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მინდა ასევე მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც არც ერთი წამი, მათ შორის ტყვეობაში, რაც ნამდვილად ისტორიული უსამართლობაა, არც ერთი წამი არ დაუკარგავს ერთიანი, ძლიერი, ევროპული, წარმატებული საქართველოს რწმენა, რომლის შექმნაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. საქართველოში,სადაც ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზების შანსი, სადაც ყველას სიამაყით შეუძლია თქვას "მე ვარ საქართველო," ამ საქართველოსი გვწამს ჩვენც და მე გპირდებით და განსაკუთრებით ვპირდები ახალგაზრდებს, რომლებმაც მართლაც გვაჩვენეს სიმამაცის, თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ვპირდები მათ, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას მოვუტანოთ საერთო ეროვნული გამარჯვება.

დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. მადლობა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის