გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს, რაც სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეხებოდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„დიპლომატიური ვიქნები ბინძური პროპაგანდის კომენტირებისას. ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირება პროდუქტიული არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ვინც ოპოზიციაში საკუთარ თავს პროევროპულად მიიჩნევს, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრონტის შთაბეჭდილება უნდა რჩებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, დიპლომატიური ვიქნები და გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რას სრულიად უსაფუძვლოა. იმისათვის, რომ ასეთი სპეკულაციები არ იყოს, ჩვენ საერთოდ ვტოვებთ დარბაზს. სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.