ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. თუ ნიკა მელიას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არჩევანია, რომ იასპარეზოს პოლიტიკაში მთავარი ოპოზიციური პარტიის პლათფორმიდან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ოპოზიციური დისკურსი დაუშვებელია, რომ იყოს ურთიერთდაპირისპირების შინაარსის მქონე.

„გამომდინარე იმ განსხვავებიდან, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში არსებობს, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ მთავარი ოპოზიციური დისკურსი დაუშვებელია, რომ იყოს ურთიერთდაპირისპირების შინაარსის მქონე. ეს პირდაპირ ივანიშვილის მიზანს მოემსახურება, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. მთავარი ოპოზიციური პარტიის ამოცანაა რუსული რეჟიმის დასრულება და ხელისუფლების ცვლილება, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პროდასავლური, უდიდესი ალბათობით, კოალიციური მთავრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირსა ადა ნატო-ში. ამ ამოცანიდან გამომდინარე უნდა ვმოქმედებდეთ. ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ ველზე არიან, მუდმივ სწორებას სწორედ ამ ამოცანაზე უნდა აკეთებდნენ.

ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არა რსებობს. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. თუ ნიკა მელიას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არჩევანია, რომ იასპარეზოს პოლიტიკაში მთავარი ოპოზიციური პარტიის პლათფორმიდან ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ვთვლით, რომ გახსნილობა და გამსხვილება მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, ამიტომ შევქმენით მათ შორის „გამარჯვების პლატფორმა“, რომლის კარიც ღიაა. მაგრამ ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თითოეული ინდივიდის დისკრეციული უფლებაა, რომელშიც მე ნამდვილად ვერ ჩავრევი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური პარტია, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ რეჟიმის დემონტაჟში, მაგრამ ვინ რა პლატფორმიდან იასპარეზებს პოლიტიკაში, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.