შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს სტუდენტობის დროს ძალიან უჭირდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბევრ სხვა წევრს სოციალურად დაუცველის სტატუსიც ჰქონდა, მაგრამ ახლა მულტიმილიონერები არიან - ეს იმიტომ, რომ ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
„ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის ფული ხალხამდე მიდიოდეს, მათ ჯიბეში მიდის. ასეთია რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც მეუღლეს ტყეებს ჩუქნის, 100 000 იხდის, რათა შვილი აშშ-ში სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით გადააფრინოს, ნახევარმილიონიან მაჯის საათს ატარებს - კორუფცია არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი სამარკო ნიშანი. ივანიშვილი ამ ადამიანების ერთგულებასა და ლოიალურობას არა მათი პრინციპებიდან და მაღალი ღირებულებებიდან გამომდინარე, არამედ ფულით მოიპოვებს. რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი უფრო მეტი ფულით - ასე ყიდულობს იმ ადამიანების ლოიალურობას, რომლებიც ქვეყნის მომავალს მიზანმიმართულად ანგრევენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ.