„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა. არის ასეთი კარგი მულტფილმი. რა დაგემართათ, ცენზურას ნუ აწესებთ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს, მისი ნებართვის გარეშე საუბრის შემთხვევაში, მიკროფონის გათიშვისა და დარბაზის დატოვების შესახებ აფრთხილებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, ისაუბრონ მხოლოდ კანონპროექტზე და მის მუხლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მიკროფონით სარგებლობის საშუალება ჩამოერთმევათ.
„სხდომის ჩაშლის მცდელობა ვისაც ექნება, გამოვიყენებ რეგლამენტით ყველა პროცედურას. თუ გსურთ, მეორე მოსმენით დადგენილი წესით ვიმსჯელოთ, აქ ამისთვის ვართ შეკრებილი. ამიტომ, გთხოვთ, მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დავანებოთ. ყველას მოგეცემათ საშუალება, რომ შეკითხვები დასვათ“, - მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ ქალბატონო და ბატონოთი მოგვმართეთ და არა, "ძვირფასო კოლეგებოთი“, - მიმართა ოხანაშვილს ანი წითლიძემ.
ანრი ოხანაშვილმა კი, ანა წითლიძეს მოუწოდა, რომ თუ მუხლთან დაკავშირებით არ დასვამდა შეკითხვას, მიკროფონით სარგებლობის საშუალებას ჩამოერთმეოდა. საბოლოო ჯამში კი, ანი წითლიძეს სხდომაზე მიკროფონით გამოსვლის საშუალება ჩამოერთვა. ამის შემდგომ სიტყვით გაოსვლის საშუალება მიეცა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელსაც ასევე მხოლოდ შესაბამის მუხლთან დაკავშირებით საუბრისკენ მოუწოდა ანრი ოხანაშვილმა.
„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა. ასეთი კარგი მულტფილმი არის... ნუ ნერვიულობთ, კარგი, რა დაგემართათ. ცენზურას ნუ აწესებთ“, - მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძეს კითხვით მიმართა:
„სანამ თავს წამაცლიდნენ, იქნებ, კითხვის დასმა მოვასწრო. პირველი მუხლის ორივე პუნქტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. პირველ რიგში, რას ნიშნავს, უცხოური ძალის ინტერესის გატარება, როდესაც მოცემულობაში ვიცით, რომ მაგალითად რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ის პირდაპირ ფინანსურ გადმორიცხვებს ვერ აკეთებს საქართველოში და შესაბამისად, ეს კანონი არ ეხება რუსეთს და ეხება ამ შემთხვევაში, დასავლურ ფონდებს. ამ მოცემულობაში ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი? კიდევ ერთხელ ნათლად, თუ განმარტავთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.