"თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით - თურმე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არ იცის, შარლ მიშელმა არ იცის, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ იციან, გერმანიის კანცლერმა არ იცის და იცის მხოლოდ მამუკა მდინარაძემ და “ქართულმა ოცნებამ“! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის რეალური მიზანი ფინანსური გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო, პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ნაცვლად, ცვლილებებს “გრანტების შესახებ“ კანონში შეიტანდნენ, რითაც შესაბამისი შედეგი დადგებოდა.

„იმ მოცემულობაში, როცა ამ ქვეყანამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 32 წელი იბრძოლა, როცა 2008 წელს ჩვენი სამხედროები ამ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს იცავდნენ, თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ არა ტანკით, არამედ რუსული კანონით! თქვენ ამაზე გაქვთ ხელი მოწერილი. რა საჭიროა კანონი, რომელიც ასე ჰყოფს, ასე აპირისპირებს საზოგადოებას ერთმანეთთან და საფრთხეს ქმნის როგორც დემოკრატიისთვის, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში წევრობისთვის.

ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ხალხი ამბობს არა რუსულ კანონს! ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ჩვენი მეგობრები, რომელსაც თქვენ “უცხო ძალას“ ეძახით, გვეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.