თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე და მასში მოცემულ აქტივობებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სამოქმედო გეგმაში ასახულია როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემავალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციები და პარტნიორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებები. კომიტეტის წევრებმა სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება დაემატა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილ წინადადებაში საუბარია უსაფრთხოების სექტორის კონტროლის მიზნით პარლამენტის სპეციალიზებული სტრუქტურის შექმნაზე, მის შემადგენლობასა და მანდატზე. ასევე სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების საკითხებზე და მუდმივმოქმედ ექსპერტთა საბჭოს მანდატზე.
„საკანონმდელო წინადადებაში არის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავენ და არის საკითხები, რომლებსაც არ ვიზიარებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერება და ჩვენი ევროპელი პარტნიორები იმ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინეს საკმაოდ კარგად ახდენენ ამ მექანიზმების შეფასებას. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე, საკანონმდებლო დონეზე, ზედამხედველობის მექანიზმები კარგად მოწესრიგებულია და ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილზე და ნდობის ჯგუფის ფორმატში ოპოზიციის ჩართულობაზეა საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არის ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში, დაბრუნდეს ჯგუფში და დაესწროს მის შეხვედრებს და ის ერთი ვაკანტური ადგილი, რაც დღემდეა დარჩენილი, ოპოზიციის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რეგლამენტის მიხედვით, წარმოადგინოს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ბევრს საუბრობს სხვისი მანდატის გაზრდაზე და გაფართოებაზე, სხვის ხარვეზებზე და მაშინ, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე იყო საუბარი, ორგანიზაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ჩვენმა უმრავლესობის წევრებმა შეიმუშავეს, რუსულ კანონად მონათლეს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის უმრავლესობის წევრებისთვის საინტერესო არ არის და შესაბამისად, მისი გაზიარება არ მოხდება.
სხდომაზე კომიტეტის ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო წინადადების დაჩქარებული წესით შემოტანის საკითხი გააპროტესტეს და მისი შესწავლის მიზნით განხილვის გადატანა ითხოვეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაზე განმარტებები გაკეთდა და აღინიშნა, რომ აღნიშნული წინადადება პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა და შესაბამისად, პარლამენტის წევრებს მისი გაცნობის შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ.
კომიტეტის წევრებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.