“დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს?" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას.

ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს.

“სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. მან კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის მის უსაფრთხოებასაც იცავს. რომ არა კანონის ვალდებულება, პრეზიდენტი ღირსია ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩეს. ეს შეურაცხყოფილი პოლიციელები აუცილებლად გასცემენ პასუხს არჩევნებზე უთავმოყვარეო პრეზიდენტს და კოლექტიურ ნაცმოძრაობას. დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს? პოლიციელის ღირსება ფეხქვეშ გათელა და ამის შემდეგ როგორ გინდა ახალგაზრდას მოსთხოვო მათდამი პატივისცემა? ზურაბიშვილმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც დაუმორჩილებლობისკენ და სისხლისღვრისკენ. იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ქართველი ხალხი გააგდებს საქართველოდან და აღარასდროს აქ არ ჩამოუშვებენ” - წერს ჩიბურდანიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალა. 

 შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.