ძალიან ძნელია, კასიანოვის გუშინდელი განცხადება სერიოზულად აღიქვა, არადა ოფიციალური პირია და საქართველოში უკრაინის მთავრობის პოზიციას ახმოვანებს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
მისი თქმით, კასიანოვმაც და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელები მათ არ დაემორჩილებიან და უკრაინაში არ დაბრუნდებიან.
„კასიანოვის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენები აღდგება, ის უკრაინის მოქალაქეებს საქართველოდან გაიყვანს. ვეკითხებით მას - დაეთანხმება და გაჰყვება კი მათ უკრაინელი ხალხი საქართველოდან? თუნდაც ზელენსკის თხოვნის შემთხვევაში, წავლენ კი უკრაინელები საქართველოდან? ღრმად მჯერა, რომ არ წავლენ.
საქართველოში მყოფ ბევრ უკრაინელს ვიცნობ და ვიცი მათი პოზიცია - რამდენადაც ვიცი, საქართველოდან არცერთი არ გავა. რატომ დასჭირდა კასიანოვს ამ განცხადების გაკეთება? განა თავად არ იციან, რომ უკრაინელები მათ არ გაჰყვებიან, განა თავად არ იციან, რომ მათი განცხადება აბსურდულია? ამას კონკრეტული მიზეზი აქვს: კასიანოვის განცხადება არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ არამარტო რუსეთი აწარმოებს, არამედ უკვე აწარმოებს დასავლეთიც უკრაინის ხელით“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემდეგ, უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ.