„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერილს აქვეყნებს:
ეს ის უჩვეულო შემთხვევაა, როდესაც ძალიან გამიჭირდა სათქმელისთვის თავის მოყრა, იმიტომ რომ სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, აქ კი - გრძელი სიტყვა მოკლედ უნდა ვთქვა.
ჩერგოლეიშვილი პოლიტიკაში მიდისო, გუშინ პუბლიკამ დაწერა რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით და ყველაზე თვალში მოსახვედრი შენიშვნა რეაქციებიდან იყო - აბა, აქამდე სად იყოო და ეს სწორი შენიშვნაა.
პოლიტიკაში არ მივდივარ, პოლიტიკაში ვრჩები და სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ პოლიტიკაში ვარ ბავშვობიდან.
ფართო გაგებით - პოლიტიკაში.
სისტემაზე ჩემი პირველი ბრაზიც ძალიან ნათლად მახსოვს.
როგორც ყველა ბავშვს, მეც მულტფილმები მიყვარდა ძალიან - იმდენად, რომ წერა-კითხვის სწავლამდე მივხვდი, როდის გადიოდა რამდენიმე მულტფილმი და როდის მხოლოდ ერთი, იმიტომ, რომ ასოების რაოდენობასა და მულტფილმების რაოდენობას შორის კორელაცია აღმოვაჩინე - მულტფილმში უფრო ცოტა ასოა, ვიდრე მულტფილმებში და ძალიან მომეწონა კორელაციის გაკეთება, წერტილების შეერთება...
მერე, ასე 4 წლის ვიქნებოდი, რომ მამაჩემმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამიყვანა უოლტ დისნეის ფილმების დახურულ ჩვენებაზე - ამერიკული სიკეთეები ხომ დახურული წრისთვის ხელმისაწვდომი იყო ლიმიტირებულად.
ჩაირთო ეს მიკი მაუსი, დონალდ დაკი... და გავოგნდი. ეგეთი ფერები ნანახი არ მქონდა, ეგ დინამიკაც არ მქონდა ნანახი და მახსოვს, როგორ დამეწყო შფოთვა, რომ ეს მალე დამთავრდება და ეს რაღაც ისეთია, მე შეიძლება, დიდხანს ვეღარ ვნახო. ისიც ძალიან ნათლად მახსოვს, რომ დამთავრდა და ვუყურებდი ჩამქრალ ეკრანს.
მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ვერაა იქ, სადაც ვცხოვრობ - თუ სადღაც ასეთი მაგარი მულტფილმები არსებობს და მე ვერ ვნახულობ. ისიც მახსოვს, როგორც მომინდა, რომ ეს შეცვლილიყო.
აი, სწორედ ამ დროიდან მგონია თავი პოლიტიკაში.
სისტემას რომ რაღაც სჭირდა, ვხვდებოდი ბებიაჩემის მაგალითზეც - ბებიაჩემი კერავდა, ძალიან კარგად, მაგრამ ცოცხალი თავით არ უნდოდა სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობა. იქ ყველაფერს იპარავენ და მეც შარში გამხვევენო. სახლში კერავდა, ჰყავდა ბევრი კლიენტი და ყველა იყო ბედნიერი. მაგრამ რაღაც დროს შევიტყვე, რომ კერძო შრომა კრიმინალი იყო.
მაშინვე ძალიან ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ეს სამარცხვინო წესი უნდა შეიცვალოს.
და მერე იყო უამრავი ასეთი შემთხვევა, როცა ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს მავნებლობაა და უნდა შეიცვალოს.
ასე ვხედავ პოლიტიკას - ცვლილებების პროცესად - და ყველა ადამიანი, ვინც თუნდაც არჩევნებზე წასვლით ცვლილებების პროცესში მონაწილეობს, არის პოლიტიკაში.
ამიტომ, უფრო ზუსტი იქნება ვთქვა, რომ პოლიტიკაში კი არ წავედი, პროფესია შევიცვალე და კენჭისყრა გადავწყვიტე 2024 წელს.
თუ ჩვენი ამომრჩეველი მენდო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვიბრძოლებ ევროპული საქართველოს სახელით და თუ შედეგი დავდეთ, პარლამენტში დავიცავ ევროპული საქართველოს ამომრჩევლის ინტერესებს.
უნდა ვთქვა ჩემს დიდ ოჯახზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მე ამდენი ხმაური შემიძლია, თუნდაც, ერთი შეხედვით, მარტოდ დარჩენილს საჯარო დისკუსიებში, რადგან სულ ვიცი, რომ მარტო არასოდეს, არასოდეს არ ვარ და ზურგში "ნინძების“ მთელი არმია მყავს, რომელიც უსაფრთხოების ზონას მიქმნის და პოზიციას იზოლირებით შანტაჟი არ მათმობინებს.
ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი მინდა ვთქვა ტაბულაზე, რომელსაც მე ჩემს შვილად აღვიქვამ და როგორც სრულწლოვან შვილს, ისე ვუშვებ ჩემგან თავისუფალ ცურვაში - დარწმუნებული, რომ ის ამას შეძლებს.
ტაბულაში ბევრი ჩემია, როგორც ჩემს შვილებში, მაგრამ ის მე არ ვარ, ის სხვა ორგანიზმია, ძლიერი ორგანიზმი და უჩემოდ გააგრძელებს ღირსეულ განვითარებას და მე გულშემატკივრად დავრჩები. ამისთვის, უდიდესი მადლობა ლევან რამიშვილს, რომელიც ტაბულას გუნდს უხელმძღვანელებს, და ლევან სუთიძეს, რომელიც ორი წელია ტაბულას მთავარი რედაქტორის მოვალეობას ასრულებს ღირსეულად და ასეც გააგრძელებს - მიფრინავს ტაბულა მნათეს რედაქტორობით.
ჩემს თვითინტერესშია ტაბულას ჩემგან გათავისუფლება, იმიტომ რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარეშე ის ვერ შეძლებს ნდობის შენარჩუნებას და განვითარებას, იმისთვის, რომ ასი წლის თავზე მკვდარი დამფუძნებლების ზეთის საღებავით შესრულებული პორტრეტები დაათვალიერონ ვიზიტორებმა ტაბულას ლობიში.
რაც შეეხება ახალ საქმეს, ძალიან მოკლედ გეტყვით - რა მინდა - მე მინდა ამ ქვეყანაში ისეთი სისტემის დაფუძნება, როგორიც შოთა რუსთაველს აქვს აღწერილი მის ჰეფი ენდში, ნესტან-დარეჯანის და ტარიელის ქორწილის სცენაში:
ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს - ისეთი საზოგადოება უნდა გავხდეთ, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე;
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს - ისეთი საზოგადოება უნდა გავხდეთ, სადაც ვისაც ძალიან უჭირს ხელს გავუწვდით.
ავის მქნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს - ისეთი საზოგადოება უნდა გავხდეთ, რომელიც დაცულია კრიმინალისგან და უსამართლობისგან;
შიგან მათთა საბრძანისსა თხა და მგელი ერთად სძოვდეს - ისეთი საზოგადოება უნდა გავხდეთ, სადაც ერთმანეთის პოლიტიკურად მოძულენიც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ;
ასეთ სისტემას ჩვენ მხოლოდ არსებულის ჩამოშლით და ახალი რესპუბლიკის დაფუძნებით შევქმნით.
და აი, ამიტომ, ძირს კორუმპირებული სისტემა და გაუმარჯოს ახალ რესპუბლიკას!