იმედგაცრუებული ვარ ხოლმე მაშინ, როდესაც ვიღაცისგან რაღაცას ველოდები და ქალბატონი სალომესგან არ ველოდებოდი დიდად არაფერს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„უბრალოდ, არ ვუშლიდი ხელს ერთობას, არასოდეს. სიტყვა ერთობა რომ სადღაც გაჟღერდება, მე მზად ვარ, აბსოლუტურად რიგითი ვიყო და ვფიქრობ, ამას ვამტკიცებ საქციელით. თუ ეს სჭირდება ქვეყანას, იმწამსვე შემიძლია, სრულიად რიგითი მებრძოლი ვიყო და არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, რომ სამომავლოდ მე ეს მინდა, გავაკეთო. მოუგებელ ბრძოლაში ზოგმა პრემიერად წარმოიდგინა თავი. არ ვჭორაობ, მათ განცხადებებს ვეყრდნობი. მაგალითად, ხაზარაძე გამოვიდა, მახსოვს და თქვა, ამირჩიეთ პრემიერად და აგაყვავებთო. ხომ იყო ასეთი განცხადებები, ხომ?! მე ეს არ მესმის, ვერ ვიგებ. მე ვიგებ ბრძოლას, მესმის. ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ ნიშნავს უპატივცემულობას, სრულიად არ ნიშნავს. მას რაღაც თავისი მოსაზრებები აქვს და ნიშა აქვს შეიძლება, არ ვიცი. არ მინდა, მხოლოდ ქალბატონ სალომეზე ვისაუბრო, მაგრამ ობიექტურად, ბევრი არასწორი სტრატეგიით მოქმედებდა, ჩემი აზრით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეკითხვაზე, რა იყო არასწორი სტრატეგია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა განცხადებებით მოლოდინის რეჟიმში დასვა ხალხი.
„ბევრჯერ ვთქვი სიტყვა. ძალიან ეშინიათ ამ სიტყვის და მიკვირს. ამას ელემენტარული ლექსიკონური განათლება სჭირდება, სხვა არაფერი – როდესაც ვსაუბრობთ აჯანყებაზე, სახალხო აჯანყება აბსოლუტურად არ გულისხმობს შეიარაღებას. 2003 წელს არანაირი შეიარაღება არ ყოფილა, ისე მოხდა. მე რა მაინტერესებს, იცით? როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და ამას ვემხრობი. თქვენ იცით ჩემი პოზიცია, ყველაზე ბოლო ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და მაშინაც ვთვლიდი ბოლომდე, რომ ბოიკოტი ყოფილიყო. თუ ამას აცხადებ, უნდა იყო ბოიკოტში, მაგრამ ნუ კარგი, როგორც მოხდა. ჩვენ ვიბრძოლეთ ქალებმა, რაღაც კეთილსინდისიერად, მამაკაცებმაც, მაგრამ განსაკუთრებით ქალების როლი იყო იმ რუსულ კანონთან დაკავშირებით მეათე მოწვევის პარლამენტში და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის კანონი მაშინ არ გასულიყო. პირველ მოსმენას ვგულისხმობ. ამით ვამაყობ, რადგან მგონია, ეს კეთილსინდისიერი ბრძოლა იყო და მგონი, ოპონენტმაც ყოველთვის უნდა დაინახოს. ოპონენტის კეთილსინდისიერება ყოველთვის უნდა დაინახო. აი, „ფეიკის“ უნდა ეშინოდეს ყოველთვის ყველას. იმიტომ, რომ „ფეიკი“ ბრძოლაში ყველასთვის „ფეიკად“ რჩება. მე კი არ ველოდებოდი ქალბატონი სალომეს პლატფორმიდან უფრო რადიკალურ ნაბიჯებს, მისი განცხადებები იყო ასეთი. მოლოდინის რეჟიმში დასვა ხალხი, პრაქტიკულად. ხომ მართალი ვარ? მგონი, არ ვაჭარბებ და 31-ში, როდესაც პაატას მიკროფონი პრაქტიკულად გამოურთეს და ძალიან უხერხული ვითარება შეიქმნა, ასეთი რამ არც მინახავს, პაატას ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდა. იქ მყოფი ძალიან გულწრფელი ადამიანების, მაგალითად, არაჩვეულებრივი პიროვნება არის ექიმი, ჩახუნაშვილი, შეიძლება იცით, ნამდვილი მებრძოლია და ასეთი ადამიანების განაწყენება, გულის ტკენა ღალატის ტოლფასია. როდესაც შენ ამბობ ამ დროს, აბა, რა ვქნათ, დანარჩენი ყველაფერი რადიკალიზმია. აბა ოპოზიციონერი რადიკალი თუ არ არის, რისი ოპოზიციონერია?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.