საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა ჩვენ არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც შეიძლება შეეძლოს უფრო დიდი გავლენის მოხდენა ამ უმთავრესი ამოცანის გადაჭრაზე, ვიდრე ჩინეთია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან  საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერისასა სი ძინპინის სიტყვებიც გაიხსენა, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს სამყარო, ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იქნება ურყევი და ეს ურყეობა გამოიხატება მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერაში.

დეპუტატმა ასევე ჩინეთის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა.

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება , მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს. ჩინეთთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული აშშ-ს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, უკრაინას და ა.შ. მათი ვაჭრობის დონზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსი. ეს პოტენციალი - როგორც შუა დერეფნის განვითარება, ისე ორმხრივი ვაჭრობის საკითხი, უნდა ავითვისოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.