„ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2016 წელს, ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარებული კვლევა - „უცხო ქვეყნების სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“ წარმოადგინა.
სოზარ სუბარმა აღნიშნული კვლევის რეკომენდაციები წაიკითხა და აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სწორედ იმ მოთხოვნებს ეხმიანება, რასაც არასამთავრობო სექტორი 2016 წელს ითხოვდა. მისივე თქმით, კანონპროექტის ქართული ვერსია ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს, ვიდრე ამერიკული ანალოგი. „ 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის ერთ-ერთ ავტორი ლაშა ტუღუში ჩვენთან არის, ოთხი ავტორი ჰყავს ამ კვლევას და ჰქვია „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“.
ვითარება არის აღწერილი და შემდეგ უკვე ქვემოთ არის სამი მოდელი, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ - პირველ მოდელს წავიკითხავ:
1. უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები ანუ არასამთავრობოები რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან.
2. რეესტრში პროაქტიურად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება გრანტის გამცემს (დონორს) და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს: გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს
3. საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
4. საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად უნდა განისაზღვროს ამ მონაცემების და დოკუმენტაციის გამჭვირვალობა, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. 5. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს, გადაამოწმოს რეესტრისთვის წარმოდგენილი მონაცემების სისწორე. ამ მიზნით, კოორდინირებულად ითანამშრომლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან. ეს არის ის, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით სთხოვდა 2016 წელს და მართლა მაინტერესებს, რა შეიცვალა დღეს? ჩვენი კანონპროექტი სიტყვასიტყვით ასახავს ამას, უბრალოდ, გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც ასევე გვაქვს თარგმნილი და რომელიც გაცილებით მკაცრია.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.