"ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს, ამ ფაციფუცის შემოტანა და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ევროკაშვირის წევრობა დღეს არ წყდება და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს.
„პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ, დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია, ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი. არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი, როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, რათა შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს ევროკავშირის „ა“ ლიგა და „ბე“ ლიგა, სადაც შეიძლება, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის, რა პოზიცია ექნება. ახლა ასე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.