ჩვენ ვნახეთ გაყოფილი საზოგადოება. რეალურად ვნახეთ, რომ ნახევარი ნახევარზეა საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა საზოგადოებრივი პრობლემაა. სინამდვილეში, ამ რეფერენდუმმა აჩვენა, რომ მოლდოვაში საზოგადოება ამ საკითხის მიმართ არ არის ერთიანი, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმს, კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა 2022 წელი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, მოლდოვას კი მისცეს „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები“ კი აცხადებდნენ, რომ „ახლა მოლდოვა აყვავდება და საქართველო დაეცემა“.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოლდოვის ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 14% იყო, საქართველოსი კი 10%. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების და სტატუსის მიღების შემდეგ, მოლდოვაში 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა, საქართველოში კი 13%-იანი ზრდა. 2023 წელს, მოლდოვას ეკონომიკურმა ზრდამ 1% შეადგინა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 7,5%-ს გაუტოლდა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება, რადგან მოლდოვას 2,5%-იანი ზრდა აქვს, საქართველოს კი საშუალოდ 10%.
„სინამდვილეში ევროკავშირი ხომ არ არის ტერიტორიული გაერთიანება? ევროკავშირს თავისი შინაარსი გვაქვს, რატომაც ის გვინდა. ეს არის ძლიერი ეკონომიკა, თანამედროვე სტანდარტები, ძლიერი ინსტიტუციები. ეკონომიკური მაჩვენებლით ჩვენ ვართ ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირში და მთლიანად ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპებით.
იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ ეს უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე უნდა იყოს აწყობილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის ის პოლიტიკა, რომ სანქციები არ დავაწესეთ. თორემ ჩვენი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა სამჯერ მეტი, ვიდრე პანდემიის დროს - 6%-იანი ვარდნა გვქონდა და გათვლები აჩვენებდა, რომ სადღაც 18%-იანი ვარდნა გვექნებოდა.
რაც შეეხება სტანდარტებს, სტანდარტებისთვის გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ჩვენ არანაირი მოლაპარაკება არ გვჭირდება სინამდვილეში, იმისთვის რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და მოლაპარაკების ნაწილი ზუსტად ასოცირების შეთანხმების რეგულაციები არის, საიდანაც ნახევარი უკვე შესრულებული გვაქვს და 2028 წელს 90% გვექნება შესრულებული.
რაც შეეხება ინსტიტუციებს, აქაც ნებისმიერი შედარება კანდიდატ ქვეყნებს შორის აჩვენებს, რომ საქართველო არის ლიდერი. არაერთხელ გამომიქვეყნებია საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ამას აჩვენებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით, მოლდოვაში არათანაბარი საარჩევნო გარემო იყო ხელისუფლების სასარგებლოდ, მათ შორის მედიადაფარვის მხრივ და დასძინა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება.