დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, შეაფასა ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე ორწელიწად-ნახევარი გავიარეთ თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად. ოთხ წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, თქვა იმ განვლილ ოთხ წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა, თქვა იმ განვლილ ორწელიწად-ნახევართან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.