დღეს მეკითხებოდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომ ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალეაო. იქვე ვუთხარი - აიღეთ ტელეფონი და მომიძებნეთ, ვისგან იღებს დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“. იცით, რატომ ვერ მომიძებნის? იმიტომ, რომ ვებგვერდიც კი არ აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, იმდენად შეზრდილი ნაწილი არის პარტიის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო ერთი საკითხი: თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს 2016 წელს მიღებული აქვთ „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია“. დღეს რომ ყვირიან და დისკუსიის ჩახშობა უნდათ, მათი ხელმოწერები არის აქ. 2016 წელს მათ აიღეს ვალდებულება, რომ დონორების ვინაობა, დაფინანსების რაოდენობა, პროექტები, ხანგრძლივობა - ყველაფერი, რაც ამ კანონით არის გათვალისწინებული - ისინი ამ ყველაფერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ. ორი წელი აქვეყნებდნენ, შემდეგ ეს პროექტი დასრულდა, როგორც ჩანს და ის ვებგვერდი გადაიქცა „მონაცემების სასაფლაოდ“.
შარშან, როდესაც ეს გავუხსენეთ, ის ვებგვერდი საერთოდ წაშალეს. დღეს რომ შეხვიდეთ www.cso.ge-ზე, არის ცარიელი ეკრანი, იმიტომ, რომ თავადვე წაშალეს საკუთარი აღიარებები. მათ თავადვე აღიარეს, რომ გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არასამთავრობო სექტორი.
ამაზე მქონდა საუბარი ამერიკელ და ევროპელ დონორებთანაც და ვუთხარი, რომ მოდით, თქვენ თვითონ აიღეთ ვალდებულება და გააკეთეთ. არა - იმიტომ, რომ უნდათ, ჩრდილში იყვნენ და ფარულად ფინანსდებოდნენ იმ საქმეებისთვის, რომელიც შემდეგ ხდება ცნობილი, რომ თურმე დეზინფორმაცია სანქციების გვერდის ავლის შესახებ წარმოებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ მიერ, რომელიც არის პარტიული „ენჯეო“ და რომელსაც აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. თურმე „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ვინ აკეთებდა? – „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „ამერიკის დემოკრატიის ფონდი“.
დღეს მეკითხებოდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომ ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალეაო. იქვე ვუთხარი - აიღეთ ტელეფონი და მომიძებნეთ, ვისგან იღებს დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“. იცით რატომ ვერ მომიძებნის? იმიტომ, რომ ვებგვერდიც კი არ აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, იმდენად შეზრდილი ნაწილი არის პარტიის. რა 100%-იან გამჭვირვალობაზე არის საუბარი? მიკვირს, ასეთ უტიფარ ტყუილს რომ აკადრებენ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც უკვე ნახა, თუ რა არის გაუმჭვირვალობის მანკიერი შედეგი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.