სასამართლოს რეფორმა მხოლოდ მოსამართლეთა ამ კორპუსის სახლში გაშვებით არის შესაძლებელი. როდესაც ვხედავთ, რომ დალპა ორგანიზმი, იმას გადადგდება უნდა - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ "პირველის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მართლმსაჯულების გაქრობაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ თავდაპირველად, სასამართლო "პირად კანტორად" სააკაშვილის მთავრობამ აქცია, ხოლო ქართველმა ოლიგარქმა საკუთარი მმართველობის პერიოდში მოსამართლეები საბოლოოდ დაიმორჩილა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართა.

"წინა ხელისუფლების დროს დაიწყო სასამართლოს გადაქცევა პირად კანტორად. იმ რეჟიმმა ივანიშვილთან ერთად ჩაკეტა და აქცია საკუთარი ინტერესების დამცველად, ხოლო ოლიგარქმა უმაღლეს რანგში აიყვანა მოსამართლეთა მონობა და ჩვენ შეგვიქმნა დამსჯელი სტრუქტურა, რომელიც არის პოლიტიკური პოლიცია, სადაც არ შეიძლება მისვლა და სიმართლის პოვნა. ცალკეული მოსამართლეები შემორჩნენ, ალბათ. სასამართლოს რეფორმა მხოლოდ მოსამართლეთა ამ კორპუსის სახლში გაშვებით არის შესაძლებელი. როდესაც ვხედავთ, რომ დალპა ორგანიზმი, იმას გადადგდება უნდა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.