ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღეს პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებაში, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

პოზიტიური მშობლობის პროგრამის მიზანია ოჯახების გაძლიერება და მშობელთა მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად. პროგრამა გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით საპილოტედ განხორციელდება ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

 სიტყვით მიმართვისას, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა ბავშვის უფლებათა დაცვის პროგრამებისა და სერვისების მრავალფეროვნებისა და მისაწვდომობის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფოს როლს და პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას და მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით მომსახურებების გაძლიერებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ წლებში, ბავშვის უფლებათა დაცვისკენ მიმართული კანონმდებლობის, ისევე როგორც სახელმწიფო პროგრამების განვითარებაზე და პროგრესის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

 ბაია კვიციანმა ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს პერსპექტივიდან აღნიშნა ინტერსექტორული თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობა. მანვე ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ბავშვის უფლებათა დაცვის პოლიტიკის განსაზღვრის, კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით. 

 პარლამენტის წევრებთან ერთად, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა სოფო კილაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რუსუდან კოხოძემ, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუთმა, ბოლნისის მერმა დავით შერაზადაშვილმა და ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.