ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება, - ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ამავდროულად, ცდილობენ, მარტივი არჩევანის წინაშე დააყენონ საზოგადოება, თითქოს არსებობს არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის. ცდილობენ, „ქართული ოცნება“ განათავსონ რუსეთის მხარეს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ევროპის მხარეს. არადა, სწორედ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყოს ის ძალა, რომლის ხელისუფლების დროსაც კონსტიტუციის რანგში ავიდა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი.
ჩვენ ყველამ ერთობლივად ვთქვით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზანი და მათ შორის კონსტიტუციური დავალება კონსტიტუციური ორგანოებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რათა მოხდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. დღეს კი ეს ძალები ცდილობენ, წარმოაჩინონ ის, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ არის სხვა მხარეს. ეს ადამიანები ასევე ცდილობენ, ისაუბრონ, თითქოსდა პატრიოტიზმზე და მათ ამავდროულად ავიწყდებათ ის, თუ რა რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 2008 წელს ომის დაწყებას პირდაპირ ქართულ ჯარს აბრალებდნენ, ხოლო რა მოხდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში? - ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.