არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება. მე ვცდილობ და ბოლომდე გავუწევ ზედამხედველობას, რომ ეს არ მოხდეს რადგან ვეთანხმები, რომ ეს საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი იქნება, რისი დაშვებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ვიყავი ყოველდღიურ კონტაქტზე [ამ საკითხში] ჩართულ პირებთან, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ამავდროულად, სხვა გზებიც არსებობს. მთავრობა და იუსტიციის მინისტრი პირდაპირ პასუხისმგებელია. ექსტრადიციის შესაძლებლობა ისევ არსებობს. - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიბისისთან ინტერვიუში მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშორებით დასმულ კიტხვას

თქვენ საუბრობთ ძალაუფლებებზე, რომელიც გაქვთ როგორც პრეზიდენტს. ერთ-ერთი მათგანია იყოთ ჩართული იმაში, თუ რა მოელის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხეშია. მისი ფოტოები საკმაოდ შოკისმომგვრელია და აჩვენებს, რომ ის ძალიან ავადაა. ის ისევ ციხეში უნდა იყოს?

სააკაშვილი ნავალნი არ არის და ეს შედარებები რაც გვესმის...

შედარება შესაძლებელია, ის საქართველოს ყოფილი ლიდერია.

ის საქართველოს ყოფილი ლიდერია, მაგრამ ის ციხეშია იმისათვის, რასაც პრეზიდენტობის დრო აკეთებდა. [ის ციხეშია] არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც ყოფილი ლიდერი.

უნდა იმყოფებოდეს თუ არა ის ციხეში, ვფიქრობ, ეს ჩემი განსჯის საგანი არ უნდა იყოს. ეს მოსამართლეებმა და ქართველმა ხალხმა უნდა განსაჯოს. მაგრამ, ფაქტია, რომ  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტობის დროს ის [სააკაშვილი] ძალიან ბევრი მიმართულებით უფლებამოსილებას აჭარბებდა. სწორედ ამიტომაა ის ციხეში. რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ [სათანადო] მკურნალობა... ყოველდღიურად...

არსებობს ინფორმაცია, რომ მას აწამებდნენ და რომ ის მოწამლეს. ამის გჯერათ?

არა.

თქვენ დანამდვილებით ამის არ გჯერათ?!

მე ამის არ მჯერა.

თქვენ ამბობთ, რომ ეს [საკითხი] სასამართლოებზე და ხალხზე გადის, მაგრამ თქვენ გაქვთ როლი და თქვენზე ზეწოლაა.

არსებობდა ჩემზე ზეწოლა. რაც უფრო დიდი იქნება ჩემზე ზეწოლა, მით უფრო რთული იქნება, რადგან ჩემთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლება, რომელიც ციხეში ბევრ სხვა, სხვადასხვა პირობებში მყოფ ადამიანს ეხება, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ. შეწყალების უფლება ჩემი მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე წინასწარ ვინმეს ინფორმირებულობის გარეშე მივიღებ.

სწორედ ამიტომ თქვით თქვენ უარი. თქვენ HARDtalk-ს [ადრე] უთხარით, რომ მას არ შეიწყალებდით. შემდეგ, დეკემბერში რადიო ,,თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ,, მე უარი არ მითქვამს მის შეწყალებაზე“. ისევ კითხვის ნიშანია [ამ საკითხზე]?!

კითხვის ნიშანია.

რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიის მარცხი იქნება. მართალია, ის ამაში?

არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება. მე ვცდილობ და ბოლომდე გავუწევ ზედამხედველობას, რომ ეს არ მოხდეს რადგან ვეთანხმები, რომ ეს საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი იქნება, რისი დაშვებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ვიყავი ყოველდღიურ კონტაქტზე [ამ საკითხში] ჩართულ პირებთან, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ამავდროულად, სხვა გზებიც არსებობს. მთავრობა და იუსტიციის მინისტრი პირდაპირ პასუხისმგებელია. ექსტრადიციის შესაძლებლობა ისევ არსებობს.

უკრაინამ და პოლონეთმა განაცხადეს, რომ ისინი მას მიიღებენ.

დიახ, ასეა. ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა.

ფიქრობთ, რომ ეს მოხდება?

შესაძლებელია.

ქალბატონო პრეზიდენტო, ბოლო კითხვა. ჩვენ ვსაუბრობთ გეოპოლიტიკაზე, რომელიც გარდამტეხ მომენტშია. თქვენც ასე ხედავთ ამ წელს მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, რომ ეს არჩევნები საქართველოს მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება?

ნამდვილად გადამწყვეტი წელიწადია. როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ ყოველ წელს იმავეს ვიმეორებ, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, როცა არასდროს ვიცით რა იქნება მომავალ წელს.  სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ასე მიზანსწრაფულნი და ერთიანნი.

სრული ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან შეგიძლიათ იხილოთ აქ: რუსეთის ძლიერი ზეწოლით ხდება აფხაზეთის მოსახლეობის პოლიტიკური ნების ჩახშობა, რუსებისათვის მიწების გადაცემა, მათი სუვერენობის კითხვის ქვეშ დაყენება

თარგმანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია