"მე არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო. ზოგიერთს სურს, ეს გზა ავირჩიო, მაგრამ არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს", - თქვა პრეზიდენტმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, მოდერატორის კითხვის პასუხად.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და, ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ.
"დაახლოებით, მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ, ევროპული პლატფორმის ირგვლივ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.