თქვენ სახლში დაეტიეთ და სალომე ზურაბიშვილს მიეცით შესაძლებლობა, გადაარჩინოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. რომ გესმოდეთ, რას ფიქრობენ ევროპელები თქვენი შეხვედრების შემდეგ, ალბათ, ძალიან შეგრცხვებოდათ - ასე მიმართა „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ-იორკში შეხვედრების დროს უთხრეს, რომ კონკრეტულად უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, ტყუილების საუბარი კი უნდა დასრულდეს.
„ძალიან იშვიათად ვეთანხმები ყოფილ თანამშრომელს, ბოჭორიშვილს, რომ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეიძლება გადარჩეს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ, რაც ნაკლებს ივლით თქვენ, ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის წვრილფეხა მატყუარები ევროპაში და რაც ნაკლებ ტყუილებს ეტყვით ამ ადამიანებს, რომ თითქოს, მათი მოთხოვნა შესრულებულია, მით მაღალი შანსია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.
შეიძლება, ვერ გაიგეთ, რა უთხრეს ღარიბაშვილს ნიუ-იორკში. პრეზიდენტმა მიშელმა ღარიბაშვილს უთხრა, რომ დროა, კონკრეტულად შესრულდეს მოთხოვნები, ტყუილებს ნუღარ გვესაუბრებითო.
პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში, სალომე ზურაბიშვილს კი მიეცით შესაძლებლობა, გადაარჩინოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. რომ გესმოდეთ, რას ფიქრობენ ევროპელები თქვენი შეხვედრების შემდეგ, ალბათ, ძალიან შეგრცხვებოდათ, ცხადია, თუ დაგრჩათ სირცხვილის შეგრძნების უნარი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.